ბელარუსში ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
ბელარუსში ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ბელარუსში ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბების გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

როგორც ბელარუსული სახელწმიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ კონიუკმა განაცხადა.

„18 აგვისტოს ბელარუსის მოქალაქეთა ჯგუფმა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანი ხელისუფლების გადაბარების ორგანიზებაა. იგეგმება პოლიტიკური ორგანოს შექმნა, რომელიც თავის თავზე აიღებს სახელმწიფოს მოქმედი მეთაურისგან ხელისუფლების გადაბარების პროცესს. ამგვარი ორგანოების შექმნა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ხოლო მისი საქმიანობა არაკონსტიტუციურია“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს შექმნა მიმართულია ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ, ასევე ზიანის მომტანია ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

„ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 361-ე მუხლის საფუძველზე“, -აღნიშნა კონიუკმა.

ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლი ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ოპოზიციის მიერ საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა უწოდა. ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება.