ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა
ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ბელარუსში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გარდაცვლილია იაკუბ კოლასის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, 75 წლის ვიქტორ დაშკევიჩი.

როგორც მსახიობის შვილი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, დაშკევიჩს ზუსტი დიაგნოზი დაგვიანებით დაუსვეს. თავდაპირველად მსახიობსა და მის მეუღლეს ვიტენსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ფილტვების ანთება დაუდგინეს, ანტიბიოტიკები გამოუწერეს და ბინაზე გაწერეს. მდგომარეობის გართულების შემდეგ ჩატარებული კორონავირუსის პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო და მხოლოდ კიდევ უფრო დამძიმების შემდეგ მეორე ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი დაადასტურა.

სააგენტო tut.by აღნიშნავს, რომ კორონავირუსის დადასტურებამდე დაშკევიჩი პალატაში სხვა პაციენტებთან ერთად იწვა.

გარდაცვლილის მეუღლე კარანტინში ახლა იმყოფება.

ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში ახალი კორონავირუსის 152 შემთხვევა არის გამოვლენილი, 47 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.