ბელარუსში დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 30-მდე ადამიანი დააკავეს
ბელარუსში დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 30-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსში ოპოზიციის მიერ გამართულ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 30-მდე ადამიანი დააკავეს.

ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქცია ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატისა და ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩის ინიციატივით გაიმართა.

მინსკში გამართული მანიფესტაციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო.

ამასთან, აქტივისტები საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლისა და სტალინის რეპრესიების შედეგად დაღუპულების პატივსაცემად აღმართული მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდნენ. თუმცა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს. მათ აქტივისტების ერთობლივი მსვლელობის დროს ათობით პირის დაკავება დაიწყეს.

ადგილობრივი ინტერნეტპორტალის ცნობით, დაკავებულებს შორის ბევრი უბრალო გამვლელი მოხვდა, რომლებიც აქციას საერთოდ არ ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, მათ ბრალი არ წაუყენეს. ოპოზიციონერების თქმით, აქტივისტების დაკავების მიზანი დემონსტრაციის ჩაშლა იყო. ადგილობრივი მედიასაშუალება „ბელსატის“ ცნობით, პოლიციამ დაკავების დროს ძალა უსაფუძვლოდ გამოიყენა.