ბელარუსში, „ბელგაზპრომბანკის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკისას 20 მილიონი დოლარის ღირებულების 150-მდე ნახატი ამოიღეს
ბელარუსში, „ბელგაზპრომბანკის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკისას 20 მილიონი დოლარის ღირებულების 150-მდე ნახატი ამოიღეს

ბელარუსში, „ბელგაზპრომბანკის“ ოფისში ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას, 20 მილიონი დოლარის ღირებულების 150-მდე ნახატი ამოიღეს. შესაბამისი ინფორმაცია ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. ამოღებულ ნივთებს შორის არის მარკ შაგალისა და ჰაიმ სუტინის ტილოები.

ტელეკომპანია „ბელარუს 1-ის“ ცნობით, საქმის ფარგლებში ამოღებულ ნახატებს ქვეყნიდან გასატანად ამზადებდნენ. შაგალისა და სუტინის ნამუშევრები „ბელგაზპრომბანკმა“ „სოტბის“ აუქციონზე 2013 წელს შეიძინა და მას შემდეგ ტილოები ბანკის კორპორაციულ კოლექციაში ინახება.

ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა მინსკში „ბელგაზპრომბანკის“ მთავარ ოფისში ჩხრეკა 11 ივნისს ჩაატარეს. მოგვიანებით კი, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააკავეს ბანკის 15 მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი.

15 ივნისიდან ბელარუსის ეროვნულმა ბანკმა „ბელგაზპრომბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა.

ბანკის მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ ბაბარიკო ჩატარებულ ჩხრეკასა და დაკავებებს თავის პოლიტიკურ საქმიანობას და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკავშირებს.

ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბანკის მუშაობის შესწავლა მისი განკარგულებით ხორციელდება. ლუკაშენკოს თქმით, ბაბარიკო პრეზიდენტად კენჭისყრას იმისთვის გეგმავს, რომ პოლიტპატიმრის სტატუსი მოიპოვოს.