ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა - ნახევარი მსოფლიო ოცნებობს ჩვენს „დიქტატურაზე“
ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა - ნახევარი მსოფლიო ოცნებობს ჩვენს „დიქტატურაზე“

ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია ცერემონიების დარბაზში გაიმართა.

ცერემონიაზე 1100-ზე მეტი ადამიანი იყო მიწვეული.

ღონისძიება ქვეყნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, იგორ კარპენკომ გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ, ბელარუსის ხალხის ნებით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობებში ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშენკო იქნა არჩეული.

როგორც სიტყვით გამოსვლის დროს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, ქვეყნის პრიორიტეტები უცვლელია.

„პრეზიდენტის უფლებამოსილების ახალი პერიოდი ყოველთვის ნიშნავს ახალ ისტორიულ პირობებს, მოლოდინებს და ამოცანებს. ჩვენი პრიორიტეტები უცვლელია – ეს არის მშვიდობა, უსაფრთხოება, ბელარუსის კეთილდღეობა, ერის ღირსება და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლის დროს.

ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ნახევარი მსოფლიო ოცნებობს ბელარუსულ „დიქტატურაზე“.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება და შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი აზრი.

„ნახევარი მსოფლიო ოცნებობს ჩვენს „დიქტატურაზე“ – ჩვენი ხალხის რეალური საქმეებისა და ინტერესების დიქტატურაზე და სიტყვის თავისუფლებასთან ყველაფერი კარგად გვაქვს. ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ თავს დემოკრატიის ეტალონს უწოდებს“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართა.