ბელარუსში აცხადებენ, რომ „ორეშნიკის“ რუსული სარაკეტო სისტემა ქვეყანაში წლის ბოლომდე განთავსდება, მისი განლაგების ადგილები უკვე განსაზღვრულია
ბელარუსში აცხადებენ, რომ „ორეშნიკის“ რუსული სარაკეტო სისტემა ქვეყანაში წლის ბოლომდე განთავსდება, მისი განლაგების ადგილები უკვე განსაზღვრულია

„ორეშნიკის“ რუსული სარაკეტო სისტემა ბელარუსში წლის ბოლომდე განთავსდება, მისი განლაგების ადგილები უკვე განსაზღვრულია, – ამის შესახებ ბელარუსის უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, ალექსანდრე ვოლფოვიჩმა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მაღალი დონის წარმომადგენლების საერთაშორისო შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

როგორც ვოლფოვიჩმა აღნიშნა, საზღვარგარეთ შეუძლიათ იფიქრონ, რომ ეს არ მოხდება, თუმცა ბელარუსში იციან, რომ სარაკეტო სისტემა აქვთ.

„დაე, იფიქრონ საზღვარგარეთ, რომ ეს ბელარუსში არ იქნება. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ის გვაქვს, სად არის და როგორ მუშაობს. ამიტომ, მთავარია, ჩვენ დარწმუნებულები და მშვიდად ვიყოთ ჩვენი ხალხების, რუსეთისა და ბელარუსის უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა.

ცნობისთვის, 2024 წლის 6 დეკემბერს გამართული საკავშირო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ მოსკოვმა და მინსკმა დაამტკიცეს უსაფრთხოების საერთო კონცეფცია და დადეს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება საკავშირო სახელმწიფოს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. შეხვედრის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკაში რუსული საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების, „ორეშნიკის“ განლაგება სთხოვა. მოგვიანებით პუტინმა აღნიშნა, რომ „ორეშნიკის“ კომპლექსი ბელარუსში, შესაძლოა, 2025 წლის მეორე ნახევარში განლაგდეს.