ბელარუსის ტელევიზიის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი არხის დირექტორს უმასპინძლა [ვიდეო]

ბელარუსის საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარემ მარატ მარკოვმა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერებმა და წამყვანებმა საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობას უმასპინძლეს. შეხვედრას ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელიაც ესწრებოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ტელევიზიების მუშაობას, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობას. პირველი არხის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სტუდიები და გაცნობოდნენ არხის მუშაობის სტილს.

„მოხარული ვართ, რომ ვუმასპინძლეთ საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობას, დავათვალიერებინეთ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებელი, გავუზიარეთ ერთმანეთს ხედვები და დავსახეთ ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ძალიან გვიყვარს საქართველო და დარწმუნებულები ვართ, რომ მალე არაერთ ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ, როგორც ჩვენ, ისევე ქართველ მაყურებელს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბელარუსის ტელევიზიის თავმჯდომარემ, მარატ მარკოვმა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ბელარუს კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება.

„ვფიქრობ, ეს პირდაპირი ურთიერთობები და ინფორმაციის გაცვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, ისეთ მდგომარეობაში, როგორც ახლა იმყოფება და ბელარუსულ – ქართული ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე აყვანილი ძალიან კარგი საშუალებაა ამისთვის. ის, რაც ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში ბელარუსში, ეს ქართული კულტურის მნიშვნელოვანი პოპულარიზაციაა, ამას გარკვეულწილად სჭირდება ასევე მედია უზრუნველყოფა. ჩვენ ბელარუსის პირველ არხთან უშუალოდ ინფორმაციის გაცვლაზე ვთანხმდებით. ეს იქნება პირდაპირი გაცვლა და არა რაიმე არასასურველ ფილტრებში გატარებული ინფორმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვთანხმდებით ამ გზებზე ტელევიზიასთანაც და ჩვენ საელჩოსთანაც. საელჩო ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოდ მუშაობს და მისი ორგანიზებული იყო ეს სრულიად უპრეცედენტო ღონისძიებები მინსკში. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ ბელარუსულ მედიასაშუალებებთან, რათა პირველი და უტყუარი ინფორმაცია პირველწყაროდან მიიღონ. ამას რასაკვირველია, ასევე მოსდევს ტექნიკურ საკითხებში გამოცდილების გაზიარება, არის საკითხები, სადაც მათთვის ჩვენი გამოცდილებაა საინტერესო და ჩვენთვისაც აქ ბევრი საინტერესო საკითხია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ბელარუსში საქართველოს ელჩმა, ვალერი კვარაცხელიამ საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობას მინსკში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„სასიამოვნოა, რომ მინსკში ქართული დღეები გრძელდება. მადლობა საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობას ჩამოსვლისთვის. მივიჩნევ, რომ ამ ორ ტელევიზიას შორის ურთიერთობის დამყარება იმ ფონზე, რა პოლიტიკური და კულტურული ფონიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის, აუცილებელია. შეხვედრაზე გამოიკვეთა საერთო ინტერესები. მნიშვნელოვანია, გაიცვალოს ინფორმაცია, შეიქმნას ერთობლივი პროდუქტები და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ამ თანამშრომლობის შედეგებს“, განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, უკვე მეორე წელია, ბელარუსში საქართველოს დღეები იმართება. ღონისძიების ფარგლებში მინსკში „ქართული სახლი“ გაიხსნა და თბილისობის დღესასწაული გაიმართა.