ბელარუსის საზღვართან სამხედრო სწავლებაში ამერიკელი სამხედროები ჩაერთვებიან
ბელარუსის საზღვართან სამხედრო სწავლებაში ამერიკელი სამხედროები ჩაერთვებიან

ბელარუსის საზღვართან სამხედრო სწავლებაში ამერიკელი სამხედროები ჩაერთვებიან. ამერიკელი ჯარისკაცები დღეს პოლონეთიდან ლიეტუვაში ჩავლენ, ასევე ჩაიტანენ ამერიკულ სამხედრო ტექნიკასაც.

როგორც ვილნიუსში აცხადებენ, წვრთნები წინასწარ იყო დაგეგმილი და ბელარუსში არსებულ ვითარებას არ უკავშირდება.

„წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და არ არის მიმართული რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ, მათ შორის არც ბელარუსის“, – აცხადებს ლიეტუვის მთავრობა.

პოლონეთიდან ლიეტუვაში ამერიკელი სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის გადაყვანა დღეს დაიწყება და ნოემბრამდე გაგრძელდება. ლიეტუვაში სულ ჩავა 500 ამერიკელი ჯარისკაცი და 40 ერთეული მძიმე ტექნიკა. მათ შორის ტანკები და დაჯავშნული მანქანები.

ამასთან, 14-25 სექტემბრამდე ლიეტუვაში ასევე ჩავა 1000 სამხედრო საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, პოლონეთისა და ნატო-ს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.