ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის ვიდეოკადრები გაავრცელა
ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის ვიდეოკადრები გაავრცელა

ბელარუსის სახელმწიფო მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, ტელეგრამარხ Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, რომან პროტასევიჩის ვიდეოკადრები გაავრცელა.

ვიდეოჩანაწერი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გაკეთებული. კადრებში პროტასევიჩი ამბობს, რომ მას „მაქსიმალურად კორექტულად და კანონის ფარგლებში ეპყრობიან“. ჟურნალისტი ასევე აცხადებს, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობას და მასობრივი არეულობების ორგანიზების ფაქტზე აღიარებითი ჩვენებების მიცემას განაგრძობს.

ამას გარდა, ვიდეოჩანაწერში პროტასევიჩი აღნიშნავს, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, დაუდგენელია, გაკეთებულია თუ არა ვიდეოჩანაწერი იძულებით.

აღსანიშნავია, რომ რომან პროტასევიჩის ვიდეო მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ბელარუსული მედიის ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, 23 მაისს, მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. ბელარუსელმა დისპეტჩერებმა ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინეს. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. მომხდარის გამო, ევროკავშირის ლიდერები ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ.