ბელარუსის რამდენიმე ქალაქში აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ბელარუსის რამდენიმე ქალაქში აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ბელარუსის რამდენიმე ქალაქში პრეზიდენტობის პოსტზე პრეტენდენტებისადმი სოლიდარობის აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის „ვესნას“ ცნობით, მინსკში დაკავებულია სულ მცირე 80 მანიფესტანტი.

მომიტინგეები ასევე დააკავეს ბობრუისკში, ვიტებსკში, გომელში, გროდნოში, მოგილევოში და სხვა ქალაქებში. უფლებადამცველების მონაცემები, დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულთა ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მანამდე, 19 ივნისს ბელარუსში პრეზიდენტობის პოსტზე პრეტენდენტებისთვის ხელმოწერების შეგროვების ვადა ამოიწურა. არჩევნების წინ ქვეყანაში დააკავეს რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი და პოლიტიკოსი, მათ შორის 18 ივნისს დააკავეს პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო. ბაბარიკოს დაკავების გამო ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ დაუშვებს, რომ ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქროს. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩაშალა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის ლიდერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დანიშნული.