ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია, ვილნიუსში, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ციხანოვსკაიას განცხადებით, საფრანგეთის ლიდერი მას ბელარუსის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარებას დაჰპირდა.

„ის დაგვპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დროს მოლაპარაკებებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაში დასახმარებლად“, – განაცხადა ბელარუსმა ოპოზიციონერმა შეხვედრის შემდეგ.

მანამდე, ვილნიუსში ვიზიტისას, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტონ უკანონო დაკავებები, გაათავისუფლონ დაკავებული დემონსტრანტები და პატივი სცენ არჩევნების შედეგებს. მანამდე, ერთ-ერთ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკოს თანამდებობიდან ნებაყოფლობით წასვლისკენ მოუწოდა.

სვეტლანა ციხანოვსკაიამ ბელარუსი 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.