სვეტლანა ციხანოვსკაიამ ევროკავშირის სამიტის წინ ევროპელ ლიდერებს მიმართა [ვიდეო]

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ევროკავშირის სამიტის წინ ევროპელ ლიდერებს მიმართა.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ციხანოვსკაია ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, არ აღიარონ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

„მეორე კვირაა, ჩემი ხალხი მშვიდობიანი გზით იბრძვის თავისი კონსტიტუციური უფლებისთვის, თავად აირჩიოს ქვეყნის ლიდერი. 9 აგვისტოს ჩატრებული არჩევნები არ ყოფილა არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე. მათი შედეგები გაყალბდა. ხალხს, რომელიც საკუთარი ხმის დასაცავად მთელი ბელარუსის მასშტაბით ქუჩაში გავიდა, სასტიკად სცემეს, წაართვეს თავისუფლება, აწამა რეჟიმმა, რომელიც კანკალით ებღაუჭება ძალაუფლებას. დაშავებულია ასობით ადამიანი, გარდაიცვალა სულ მცირე, ორი ადამიანი. ეს ხდება ახლა, ევროპის ცენტრში.

მოგიწოდებთ, არ აღიაროთ ეს გაყალბებული არჩევნები. ლუკაშენკომ დაკარგა თავისი ლეგიტიმურობა ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოს თვალში. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების ხელშეწყობის მიზნით, ბელარუსის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვედი. ის დაუყოვნებლივ გამოაცხადებს ახალ სამართლიან და დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით“, – აცხადებს ციხანოვსკაია.

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე დღეს იმსჯელებენ.