ბელარუსის პრემიერი - საქართველო ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია კავკასიაში
ბელარუსის პრემიერი - საქართველო ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია კავკასიაში

ბელარუსის პრემიერი ადგილობრივ პრესასთან საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრ  დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრას აფასებს. საინფორმაციო სააგენტო Belta-ს ცნობით, ანდრეი კობიაკოვი ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის ზრდის დინამიკით კმაყოფილია.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველო ბელარუსისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია კავკასიაში და ჩვენ ვაპირებთ, გამოვიყენოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა ორმხრივი ურთიერთობები როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული თუ სხვა, კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს“, – აცხადებს ბელარუსის პრემიერ-მინისტრი.

ანდრეი კობიაკოვის თქმით, ორ ქვეყანას თანამშრომლობისთვის ფართო სპექტრი აქვს, მათ შორის მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული ბაზარი და ჰუმანიტარული სფერო.

„ჩვენ საკმარისად კარგი დინამიკა ვაჩვენეთ ტვირთბრუნვაში – ამ წელში ეს 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ახლა ჩვენი ქვეყნების ლიდერების მორიგი ამოცანაა 200 მილიონი. ჩვენ ახლა ამ პროცესის შუა გზაში ვართ, მაგრამ უკვე შესამჩნევია კარგი დინამიკა“, – აცხადებს ბელარუსის პრემიერი.

ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, საქართველოში მორიგ ვიზიტს გეგმავს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო. მისივე თქმით, ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგება, რადგან მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„ჩვენ ველოდებით, რომ ეს ვიზიტი იქნება შინაარსიანი, კონსტრუქციული და გადამწყვეტი ხასიათის მატარებელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მომავალი გაღრმავების კუთხით“, – განაცხადა ბელარუსის პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს  ორმხრივი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც ეფექტურად მუშაობს.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო თქვენი პრეზიდენტის შეუფასებელი წვლილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მისცა იმპულსი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ეს მოხდა მაშინ, როცა ის საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ შეიქმნა ორმხრივი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. ეს ქმნის სწორედ ფუნდამენტს ჩვენი მომავალი, უფრო აქტიური თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ადგილობრივი მედია დიმიტრი ქუმსიშვილისა და ანდრეი კობიაკოვის შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.