ბელარუსის ოპოზიციური პარტიის მიმართვის საფუძველზე, ზელენსკის ოფისმა უკრაინის პროკურატურას სთხოვა, შეისწავლონ, რამდენად შესაძლებელია, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მიმართვა, შეისწავლონ, რამდენად შესაძლებელია ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის პრესსპიკერმა, მარიანა გაევსკაია-კოვბასიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმართვა ამჟამად განხილვის პროცესშია და სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ არის რეგისტრირებული.
ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ინიციატივით ზელენსკის ოფისს ბელარუსის ოპოზიციის „დემოკრატიული ძალების ფორუმმა“ მიმართა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვალერი ცეპკალოა.
„დემოკრატიული ძალების ფორუმის“ განცხადების თანახმად, ვალერი ცეპკალომ და მისმა თანამოაზრეებმა უკრაინას სთხოვეს, „იურიდიული შეფასება მისცეს ლუკაშენკოს ქმედებებს რუსეთის აგრესიის მხარდაჭერაში მისი როლის, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში შეჭრისთვის ბელარუსის ტერიტორიის გამოყენების გამო“.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლებას სთავაზობენ, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყოს აგრესიული ომის წარმოების, ომის დანაშაულების, ტერორიზმის დაფინანსების, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, გენოციდისა და ომის პროპაგანდის მუხლებით.
„როიტერის“ შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად „არ არსებობს არანაირი პერსპექტივა“, ლუკაშენკო უკრაინული სასამართლოს წინაშე წარდგეს, მის წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლის საქმე უკრაინასა და ბელარუსის ოპოზიციას, შეიძლება, დასავლეთზე ზეწოლის დამატებით არგუმენტად გამოადგეთ, რათა მინსკზე საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდეს.