ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია მოუწოდებს მოქალაქეებს, მზად იყვნენ ქუჩებში გასასვლელად ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის დასამხობად
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია მოუწოდებს მოქალაქეებს, მზად იყვნენ ქუჩებში გასასვლელად ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის დასამხობად. ამის შესახებ ციხანოვსკაიამ „პოლიტიკოს“ მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლუკაშენკოს მსგავსი ძლიერი მმართველები დაუმარცხებლები არ არიან.
„მე ნამდვილად მინდა, რომ ხალხი იყოს მზად შესაძლებლობის მომენტის გამოსაყენებლად დადგნენ ქუჩებში და მოახდინონ რეჟიმის დემონტაჟი. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ეს ბიძგი, ეს მომენტი, როდესაც ნამდვილად შევძლებთ მის დემონტაჟს“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იანვარშია დაგეგმილი. ალექსნდრ ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს.
ციხანოვსკაია 2020 წლის არჩევნებში იყრიდა კენჭს, მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე დააპატიმრეს. მაშინ არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოცხადდა. ამას მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდებით და რუსეთის მხარდაჭერით ჩაახშო.
ციხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და მას შემდეგ ლიეტუვაში ცხოვრობს.