ბელარუსის დედაქალაქში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბელარუსის დედაქალაქში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბელარუსის დედაქალაქში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ქალაქში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა. დღეს იწურება ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ოპოზიციის მიერ წარდგენილი ულტიმატუმის ვადა.

ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი პაველ ლატუშკო, მოქალაქეებს 26 ოქტომბრიდან საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ერთად გადავდივართ გადამწყვეტ და საბედისწერო ეტაპზე, რათა რეჟიმს უკანასკნელი დარტყმა მივაყენოთ. მსოფლიო ისტორია აჩვენებს, რომ ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ გაუძლია ეროვნული გაფიცვების წინაშე. ვერც ეს გაუძლებს“, – ნათქვამია ლატუშკოს განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ავრცელებს.

დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს დღეს ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ციხანოვსკაიამაც მიმართა.

„ძალოვანი სტრუქტურების თითოეული თანამშრომელი დღეს თავად ირჩევს, ვის იცავს: თავის ხალხს თუ თავის უფროსებს“, – ნათქვამია ოპოზიციის ლიდიერის განცხადებაში.

ციხანოვსკაიას თქმით, ქვეყნის მოსახლეობამ თავისი არჩევანი 9 აგვისტოს გააკეთა.

ოპოზიცია ლუკაშენკოსგან 25 ოქტომბრამდე თანამდებობის დატოვებას, ძალადობის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო გამოსვლებს, მასობრივ გაფიცვასა და გზების ბლოკირებას აანონსებდა.

დატოვე კომენტარი