ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანი სოლიდარობის აქციებს შეუერთდა
ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანი სოლიდარობის აქციებს შეუერთდა

საპროტესტო აქციების მეხუთე დღე ბელარუსის დედაქალაქში – სოლიდარობის აქციებს ათასობით ადამიანი შეუერთდა. საპროტესტო აქციების მონაწილეები დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა მინსკის გარეუბანში, დამოუკიდებლობის გამზირზე. დემონსტრანტებს ხელში უჭირავთ ყვავილები, საჰაერო ბურთები და პლაკატები, სადაც დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოწოდებებია დაბეჭდილი.

ათასამდე ადამიანი შეიკრიბა მეტროსადგურ „ვოსტოკთან“ მდებარე გამზირის გასწვრივ, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. დემონსტრანტები ძალადობის შეწყვეტას და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სუპერმარკეტ „რიგასთან“, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

მინსკის დასავლეთით აქციის მონაწილეებმა ე.წ. სოლიდარობის ჯაჭვი გააკეთეს. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური კარაევმა აქციების დროს შემთხვევითი გამვლელების დაშავებაზე პასუხისმგებლობა აიღო. ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გათავისუფლდნენ. კარაევმა აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების ბრძანება გასცა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვისთვის ემზადება.