ბელარუსის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყანაში უკრაინის მხარდაჭერისთვის 419 ადამიანი გაასამართლეს, მათგან 142 კი პატიმრობაში იმყოფება

13:43, 23.10.2026

ბელარუსში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო სისხლის სამართლის საქმე, სულ მცირე, 419 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა. ამის შესახებ ბელარუსის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი „ვესნა“ იუწყება.

„ვესნის“ მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის, სულ მცირე, 419 ადამიანი გაასამართლეს. მათგან 142 ამჟამად პატიმრობაშია. ცენტრი აღნიშნავს, რომ საქმეების რეალური რაოდენობა, შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს.

222 ადამიანი „ექსტრემისტულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით გაასამართლეს: მათ რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ფოტო და ვიდეო გაავრცელეს. 44 ადამიანს ომის დროს უკრაინის მხარდაჭერის გამო „სახელმწიფოს ღალატი“ დაედო ბრალად, 17 უცხო ქვეყნის მოქალაქე კი ბელარუსში „ჯაშუშობის“ ბრალდებით გაასამართლეს.

კიდევ 29 ადამიანი „ტერორიზმისთვის“ გასამართლდა. საქმეები დივერსიებს, კერძოდ, რკინიგზასა და სამხედრო აეროდრომზე ჩადენილ დივერსიებს ეხება. 45 ადამიანი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შემოწირულობის გამო გაასამართლეს.

მსგავსი