ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ნაწამებია
ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ნაწამებია

ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი ნაწამებია. ეს განცხადება დმიტრი პროტასევიჩმა ტელეკომპანია „ნასტაიაშიე ვრემიას“ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ბელარუსის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნაჩვენები ინტერვიუ, სადაც მისი შვილი აღიარებით ჩვენებას იძლევა, „ერთკვირიანი წამების შედეგია“. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ინტერვიუს ჩაწერის დროს მისი შვილი ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ანალოგიური შეფასება გააკეთეს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვეტლანა ციხანოვსკაიას შტაბშიც. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტს ხელბორკილების კვალი ეტყობა.

შეგახსენებთ, რომ ტელეგრამ არხ ნექსტას დამფუძნებელთან ტელეინტერვიუ გუშინ ბელარუსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აჩვენა. ინტერვიუში პროტასევიჩი დანაშაულს აღიარებს და ალექსანდრ ლუკაშენკოს აქებს.

პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, მას შემდეგ რაც ბელარუსის მთავრობამ აიძულა ათენი-ვილნიუსის რეისი, მინსკში აეროპორტში დამჯდარიყო.

ბელარუსში პროტასევიჩი ტერორისტების სიაში ფიგურირებს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტი შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ.

დატოვე კომენტარი