„ბეითარის“ ნაცვლად „საბურთალოში“ - ლაზარე კუპატაძე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა #1TVSPORT
ყველასათვის მოულოდნელად, საქართველოს ნაკრების კანდიდატი ლაზარე კუპატაძე „საბურთალოში“ დაბრუნდა, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლაზარე კუპატაძე „საბურთალოში“ დაბრუნდა. ჩვენი გუნდის აღზრდილი მეკარე თურქულ შეკრებაზე კლუბს ხვალ შეუერთდება“, – წერია „საბურთალოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
კუპატაძეს „საბურთალოს“ რიგებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული. ლაზარე 2018 წელს თბილისურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა.
შემდეგ იყო ბათუმის „დინამო“, მაგრამ ზაფხულში ევროტურნირზე მარცხის შემდეგ გუნდი დატოვა. ლაზარე კუპატაძე ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ იყო. ახლახან თავად თქვა, რომ ისრაელის გუნდთან, იერუსალიმის „ბეითართან“ კონტრაქტი ჰქონდა შეთანხმებული, თუმცა საბოლოოდ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა.