ბეირუთში საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა
ბეირუთში საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრაციაში რადიკალური მოძრაობის „ჰეზბოლასა“ და მოძრაობა „ამალის“ მხარდამჭერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბეირუთის პორტში გასულ წელს მომხდარი აფეთქების საქმის მთავარი მოსამართლის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, მათ სნაიპერებმა გაუხნეს ცეცხლი. ცეცხლის გახსნას არეულობა მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულია სამხედრო დანაყოფები. საავადმყოფოს პერსონალის თქმით, გარდაცვლილებს შორის ორი მამაკაცია, რომლებსაც ცეცხლსაროლი იარაღიდან ტყვია თავისა და მკერდის არეში მოხვდათ, ასევე, ქალი, რომელიც შემთხვევითმა ტყვიამ საკუთარ სახლში იმსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიკატიმ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს.

მოძრაობა „ჰეზბოლა“ ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატის აფეთქების საქმის მოსამართლეს ტარეკ ბითარს მიკერძოებულობაში სდებს ბრალს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

მოსამართლეს სურს, დაკითხოს რამდენიმე პოლიტიკოსი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები, მათ შორის „ჰეზბოლას“ მოკავშირეები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დაუდევრობაში.

2020 წლის აგვისტოში პორტში მომხდარ აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საპროტეტსო აქციამდე სასამართლომ მოსამართლე ბითარის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა და მას გამოძიების განახლების საშუალება მისცა.