ბეირუთში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს
ბეირუთში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

ბეირუთში უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დემონსტრანტები ლიბანის პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბის ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა უნდა გაიმართოს. კერძოდ, დეპუტატებმა უნდა უყარონ კენჭი სამთავრობო პროგრამას, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისის დასაძლევად „მტკივნეული ნაბიჯების“ გადადგმაა საჭირო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა შენობის ბლოკირება სცადეს, რათა დეპუტატები სხდომაზე არ დაეშვათ, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა უსაფრთხოების ძალებს ქვები ესროლეს, პარლამენტარებისა და მინისტრების მანქანებს კი, კვერცხები დაუშინეს და საღებავი შეასხეს.

ლიბანში საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ გასული წლის ბოლოს დაიწყო. დემონსტრაციების ფონზე მთავრობა გადადგა. ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება კი ჰასან დიაბის დაევალა.