ბეირუთში სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი აირისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს
ბეირუთში სამართალდამცველებმა აქცია ცრემლსადენი აირისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს

ცრემლსადენი აირისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს ლიბანელმა სამართალდამცველებმა, ბეირუთის ცენტრში სამართლიანობის აღდგენისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით გამართული აქცია. დემონსტრაციის მონაწილეები, გასულ წელს ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებაში პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

ზუსტად ერთი წლის წინ, ამონიუმის ნიტრატის რეზერვუარის აფეთქებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 6000-ზე მეტი დაშავდა. 300 ათასზე მეტი პირი კი, საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

აქციის მონაწილეებს გარდაცვლილთა ფოტოები ჰქონდათ წარმოდგენილი. დემონსტრაცია მალევე გადაიზარდა დაპირისპირებაში. მათ პოლიციას ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა. უმეტესობა მათგანს, პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწიეს. 6 პირი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ჰუმან რაითს უოჩის“ მიერ გამოქვეყნებულ 700-გვერდიან ანგარიშში, საუბარია, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიშელ აუნი და პრემიერ-მინისტრი ჰასან დიაბი, საქმის კურსში იმყოფებოდნენ საფრთხის შემცველ ტვირთთან დაკავშირებით, რომლის შენახვის პირობებიც სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

ადგილობრივები განრისხებას ვერ მალავენ, ვინაიდან, მომხდარიდან ერთი წლის თავზე, გამოძიება წინ არ მიიწევს და არ დაკითხულა არც ერთი მაღალჩინოსანი.