ბეირუთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას ათობით ადამიანი დაშავდა
ბეირუთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას ათობით ადამიანი დაშავდა

ლიბანის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკებების დროს ათობით ადამიანი დაშავდა. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღემატება.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, უსაფრთხოების ძალებმა კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, არეულობის დროს დემონსტრანტებმა ბეირუთში ჩაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები, დაარბიეს ბანკის ოფისები, დააზიანეს ბანკომატები.

ბეირუთში საპროტესტო გამოსვლების ტალღა მას შემდეგ განახლდა, რაც 21 იანვარს პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დაამტკიცა ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბის ხელმძღვანელობით. მანამდე დიაბი ლიბანის მთავრობაში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა. მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარი მოძრაობა „ჰეზბოლამაც“ დაუჭირა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტი სუნიტი მოსახლეობისა და ლიბანელი ხალხის ინტერესებს არ გამოხატავს. დემონსტრანტები გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.