ბეირუთში, პარლამენტთან უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ბეირუთში, პარლამენტთან უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პარლამენტის შენობასთან უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა. პორტში მომხდარი აფეთქების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა პარლამენტის შენობის გარშემო ჯებირების გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. საპასუხოდ უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

10 აგვისტოს ლიბანის მთავრობა გადადგა, თუმცა ამან საპროტესტო გამოსვლები არ შეაჩერა. მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვენ. ისინი ხელისუფლებას პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაუდევრობასა და არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ივლისში ლიანის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატის შესახებ გააფრთხილეს.

ბეირუთის პორტში ამონიუმის ნიტრატი 4 აგვისტოს აფეთქდა, რასაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი ათასზე მეტი პირი კი დაშავდა. 40-მდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.