ბეირუთში სროლის ხმა ისმის. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბეირუთის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ცეცხლი გახსნეს.
დაშავებულია 110-ზე მეტი ადამიანი, 32 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, – ამ ინფორმაციას „როიტერი“ წითელი ჯვრის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიჭრნენ.
მანამდე, დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაში სცადეს შეჭრა, რა დროსაც, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
აქციის მონაწილეები სამშაბათს ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო, ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 135 ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-მდე კი, დაშავდა. ლიბანის მთავრობის გადაწყვეტილებით, შექმნილია საგამოძიებო კომიტეტი, რომელმაც პორტში აფეთქების მიზეზი უნდა დაადგინოს.