ბეჟანიშვილის შემდეგ მამუკელაშვილი - სანდრომ „ლეიკერსში“ ივარჯიშა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი NBA-ის 2021 წლის დრაფტამდე, რომელიც 29 ივლისს გაიმართება, ბოლო ვარჯიშებს მართავენ.
სხვა გუნდებთან ერთად ახალგაზრდა მოთამაშეებს, რა თქმა უნდა, წინა სეზონის გამარჯვებული „ლოს ანჯელეს ლეიკერსიც“ აკვირდება, რომელსაც პირველ რაუნდში 22-ე არჩევანი ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ გუნდთან ერთად ივარჯიშა გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელიც წინასადრაფტო სიებში არსად ფიგურირებს, მაგრამ, შესაძლოა, მოვლენები კარდინალურად შეიცვალოს და „ილინოისის“ 22 წლის კალათბურთელი NBA-ში ვიხილოთ.
ამჯერად, „ლეიკერსში“ სანდრო მამუკელაშვილმა ივარჯიშა. ლოს ანჯელესური გუნდი 6 კალათბურთელს დააკვირდა, რომელთა შორის ქართველიც იყო.
სანდროს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვედრის შანსები უფრო დიდია, რადგან ამერიკული მედია ბოლო დროს მას მეორე რაუნდში არჩევას უწინასწარმეტყველებს. ცოტა ხნის წინ ESPN-ის ანალიტიკოსმა „ნიუ იორკ პოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მამუკელაშვილს წლევანდელ დრაფტზე აუცილებლად აირჩევენ.