ESPN-ის ანალიტიკოსი - მამუკელაშვილს დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩევენ #1TVSPORT 
ESPN-ის ანალიტიკოსი - მამუკელაშვილს დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩევენ #1TVSPORT 

29 ივლისს NBA-ის რიგით 75-ე დრაფტი გაიმართება, სადაც ორი ქართველი მიიღებს მონაწილეობას. სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე გუნდში ვარჯიშები უკვე გამართეს, ანალიტიკოსები კი პარალელურად მათ უნარებსა და ლიგაში მოხვედრის შანსებს აფასებენ.

ESPN-ის ანალიტიკოსმა ფრენ ფრაშილამ, „ნიუ იორკ პოსტის“ კითხვებს უპასუხა, რომელიც დრაფტზე მონაწილე კალათბურთელებს ეხებოდა.

ერთ-ერთი კითხვა „სეტონ ჰოლის“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშეს სანდრო მამუკელაშვილის შესახებ იყო. ფრენ ფრაშილამ 22 წლის კალათბურთელი საკმაოდ კარგად დაახასიათა და მეორე რაუნდში არჩევა უწინასწარმეტყველა.

„მას სავარაუდოდ, მეორე რაუნდში აირჩევენ. მამუკელაშვილი ფიზიკურად ძლიერი და ჭკვიანი მოთამაშეა, ის ზედმეტად კარგია, იმისათვის, რომ რომელიმე გუნდში არ მოხვდეს. სანდრო 211 სანტიმეტრის მრავალფეროვანი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ცენტრად და მძიმე ფორვარდად. სროლის დროს საკმაოდ არასტაბილურია, მაგრამ 4 წელი მაღალ დონეზე ყოფნით, ინტენსიური ვარჯიშებითა და დაძაბულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებით, გაოცებული ვიქნები, რომ რაიმე გუნდის შემადგენლობის და შემდეგ უკვე როტაციის წევრი არ გახდეს.“

მამუკელაშვილი წინა სეზონში „მეკობრეების“ შემადგენლობაში საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნასა და 3.2 პასს აგროვებდა.

დატოვე კომენტარი