ბეჟან წაქაძე - სამშენებლო სექტორში ფასები ორი წლის განმავლობაში არ გაიზრდება
ბეჟან წაქაძე - სამშენებლო სექტორში ფასები ორი წლის განმავლობაში არ გაიზრდება

წელს და მომავალ წელს სამშენებლო სექტორში ფასები არ გაიზრდება, – ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბეჟან წაქაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნეპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამშენებლო სექტორთან შეხვედრა განიხილეს, რომელიც პრემიერის ინიციატივის ფარგლებში გასული კვირის ბოლოს შედგა. გიორგი გახარიამ ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებსაც მოუწოდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ.

ბეჟან წაქაძის განმარტებით, შეხვედრაზე ორი ძირითადი პრობლემა განიხილეს – წლის დასაწყისში ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გავლენა სამშენებლო სექტორზე და ტექნიკური საკითხები. თუმცა, გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ სექტორს დიდ გამოწვევას ლარის კურსის ხშირი და მკვეთრი რყევა უქმნის, რის გამოც ბიზნესის დაგეგმვის დროს პროგნოზის გაკეთება რთულია. მეორე მხრივ, ლარის რყევა მყიდველის განწყობაზე მოქმედებს და ის მოლოდინის რეჟიმში გადადის.

„15 წელზე მეტია, რაც ამ ბიზნესში ვარ და დაკვირვებამ მაჩვენა, რომ ლარის კურსის ცვალებადობის დროს, თუ ის ხშირად ხდება და დიდი ამპლიტუდა აქვს, მყიდველი ხშირად ამჯობინებს, კურსის დაწევას დაელოდოს და არ ყიდულობს, მოლოდინის რეჟიმშია. ამიტომ ეს სამშენებლო ბიზნესს არტყამს. შეიძლება, ლარს კურსი [აშშ დოლართან მიმართებით] იყოს 3, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ან 4, 5, 10 პუნქტის ფარგლებში მერყეობდეს – ამას ბიზნესი აიტანს. მაგრამ როცა მაღალი კურსით ადის და ჩამოდის, ეს მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს მოსახლეობას, მყიდველს და ბიზნესი ზარალდება. რეკლამებსაც თუ დააკვირდებით, ფასებს არავინ აცხადებს, რომ თავი რისკის ქვეშ არ დაიყენოს“, – განმარტა ბეჟან წაქაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო სექტორში ფასები დოლარში ფაქტობრივად არ შეცვლილა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში რყევის გამო დაახლოებით ხუთი პროცენტით არის გაზრდილი. ბეჟან წაქაძე მიიჩნევს, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში ფასის ზრდა ამ სექტორში არ მოხდება.

„ვფიქრობ, ფასები სამშენებლო სექტორში უახლოესი ორი წლის განმავლობაში – წელს და მომავალ წელს – არ გაიზრდება, თუმცა არც შემცირდება“, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

„ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ თუ ლარი სტაბილურად განაგრძობს რყევას, მიუხედავად წლის დასწყისში ამოქმედებული საბანკო რეგულაციების უარყოფითი ეფექტისა, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში სამშენებლო სექტორში გაყიდვების მოცულობა ისეთივე იქნება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, როდესაც საბანკო რეგულაციები ჯერ ძალაში შესული არ იყო და სექტორში გაყიდვებმა ისტორიული მაქსიმუმი – მილიონ 300 000 კვადრატული მეტრი ფართობი შეადგინა.

„წლის მეორე ნახევარში გაყიდვებში დიდი სხვაობა [2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით] არ უნდა იყოს. შეიძლება, მეტი ციფრებიც მივიღოთ, ანუ მილიონ 300 000 კვადრატულ მეტრამდე ავა გაყიდვები. მთავარია, ლარს კიდევ რამე არ დაემართოს და არასტაბილურობა არ იყოს“, – განუმარტა ბეჟან წაქაძემ „ბიზნესპარტნიორს“.