ბეჟან გუნავა - ვფიქრობ, კარგად ვერ ხედავენ სტრატეგიული პარტნიორები არსებულ ვითარებას, ან ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს, მოახდინოს ზემოქმედება, რომ კარგად ვერ დაინახონ
ბეჟან გუნავა - ვფიქრობ, კარგად ვერ ხედავენ სტრატეგიული პარტნიორები არსებულ ვითარებას, ან ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს, მოახდინოს ზემოქმედება, რომ კარგად ვერ დაინახონ

ვფიქრობ, კარგად ვერ ხედავენ სტრატეგიული პარტნიორები ან ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს, მოახდინოს ზემოქმედება, რომ კარგად ვერ დაინახონ, – ასე უპასუხა „ბეჟან გუნავა-ქართული არჩევანის“ თავმჯდომარემ, ბეჟან გუნავამ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებას შეეხებოდა.

„არ ვიცი რას ნიშნავს ეს განცხადება, მაგრამ ვიცი ძალიან კარგად, თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს იმ არჩევნების მიმართ, რომელიც გუშინ ჩატარდა. მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ლეგიტიმური ეს პარლამენტი. ბუნებრივია, ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის და მივესალმები იმ პარტიების პოზიციას, პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ და ეს პარლამენტი არის დელეგიტიმური. სტრატეგიული პარტნიორის განცხადება, რა თქმა უნა ნიშნავს, მაგრამ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ აშშ, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და კარგად ვუჩვენოთ, თუ როგორ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება. ვფიქრობ, კარგად ვერ ხედავენ ან ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს, მოახდინოს ზემოქმედება, რომ კარგად ვერ დაინახონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კარგად დაანახებს აშშ-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ იმ არჩევნების მიმართ, რომელიც 31 ოქტომბერს ჩატარდა“, – განაცხადა გუნავამ.

დღეს, საქართველოში ამერიკის საელჩომ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.

ამასთან, როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო პროცესის ხელყოფის მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.

„საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.