ტერეზა მეი თანაპარტიელების მიერ უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა
ტერეზა მეი თანაპარტიელების მიერ უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანაპარტიელების მიერ უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტერეზა მეის ნდობა 200-მა კონსერვატორმა დეპუტატმა გამოუცხადა, მისთვის უნდობლობის გამოცხადებას კი 117-მა დაუჭირა მხარი. მას პარტიის ლიდერისა და პრემიერის პოსტზე დარჩენისთვის კონსერვატიული პარტიის დეპუტატების სულ მცირე 159 ხმა სჭირდებოდა.

ფარულ კენჭისყრამდე მოქმედ პრემიერს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა კონსერვატორ დეპუტატთა დიდმა ნაწილმა, ამიტომ როგორც მედია იტყობინება, კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე, ტერეზა მეი დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში მდებარე თავის ოფისში კმაყოფილი დაბრუნდა.

კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებზე კონსერვატიულ პარტიას აღარ უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდის, ბრექსიტის წინ, კონსერვატიულ პარტიას ახალი ლიდერის არჩევა არ სჭირდება.

„კონსერვატორებმა უნდა ააშენონ ქვეყანა, რომელიც ყველასთვის სახარბიელო იქნება და განახორციელონ ბრექსიტი, რასაც ხალხმა მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

შეგახსენებთ, კონსერვატორი დეპუტატების ნაწილმა ტერეზა მეისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად ხელმოწერების შეგროვება ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო. ისინი უკმაყოფილოები არიან დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტის შეთანხმების გამო.

კონსერვატიულ პარტიაში გამართულ კენჭისყრამდე ორი დღით ადრე, ტერეზა მეიმ 11 დეკემბერს პარლამენტში ბრექსიტის შეთახნმებასთან დაკავშირებული კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო, ვინაიდან მას იმედი არ ჰქონდა, რომ დეპუტატები შეთანხმების ამჟამინდელ ვარიანტს დაამტკიცებდნენ.

თუმცა ევროკავშირის ლიდერებმა ლონდონთან ბრექსიტის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებაზე უარი განაცხადეს.

ბრიუსელში 13-14 დეკემბერს ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ბრექსიტის საკითხს განიხილავენ.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს.