BBC - ჯგუფ U2-ს სოლისტმა ბერლინში მიმდინარე კონცერტზე ხმა დაკარგა
BBC - ჯგუფ U2-ს სოლისტმა ბერლინში მიმდინარე კონცერტზე ხმა დაკარგა

ირლანდიურმა ჯგუფმა U2-მ ბერლინში მიმდინარე კონცერტი შეწყვიტა. გავრცელებული ცნობით, ჯგუფის სოლისტმა ბონომ ხმა დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

კონცერტი Mercedes-Benz Arena-ზე მიმდინარეობდა. მუსიკოსმა კონცერტზე მხოლოდ 20 წუთი იმღერა, შემდეგ კი, შეკრებილებს ბოდიში მოუხადა და სცენა დატოვა.

ჯგუფმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ბონო თავიდან კარგ ფორმაში იყო, თუმცა რამდენიმე სიმღერის შესრულების შემდეგ, ხმა სრულად დაკარგა. მას ახლა ექიმი ამოწმებს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ერთგულებას და ბოდიშს ვუხდით მათ, ვინც ბერლინში კონცერტზე სხვა რეგიონებიდან ჩამოვიდა. მალე შეგატყობინებთ დანარჩენ ინფორმაციასაც“, – წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

U2-ს გამოცემული აქვს 13 სტუდიური ალბომი. იგი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად, მსოფლიოში გაყიდული 170 მილიონზე მეტი დისკით. მიღებული აქვს 22 გრემის ჯილდო. 2005 წელს იგი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი გახდა. Rolling Stone-ის „ყველა დროის უდიდესი შემსრულებლების სიაში“ U2 22-ე ადგილს იკავებს.