BBC - ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი საქართველოში იმალება
BBC - ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი საქართველოში იმალება

დიდ ბრიტანეთში ქალის მკვლელობისთვის გასამართლებული მამაკაცი მარტის შემდეგ საქართველოში იმალება. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც BBC-სთვის გახდა ცნობილი, ჯეკ შეფერდი, რომელიც გასული წლის ივლისში შარლოტა ბრაუნის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ, საქართველოს დედაქალაქს აფარებს თავს. BBC-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერებიც, რომლებიც შეფერდის თბილისში ყოფნას ადასტურებს, ამასთან არ არის რაიმე მინიშნება, რომ მან საქართველო დატოვა.

ჯეკ შეფარდს ბრალი ედება მდინარე ტემზაზე ნავის შეჯახების შედეგად ქალის არაგანზრახ მკვლელობაში. გასული წლის 26 იანვარს სასამართლომ 31 წლის მამაკაცი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შემდეგ შეფერდი სასამართლო სხდომაზე აღარ გამოჩენილა.

ინციდენტი მდინარე ტემზაზე 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ჯეკ შეფერდმა შარლოტა ბრაუნს მდინარეზე ნავით გასეირნება შესთავაზა, რომელიც, მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. ნავი, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურვევლი მიზეზით ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ. შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი ქალის ოჯახი ითხოვს, ჯეკ შეფერდმა თავისი დაუდევარი ქმედებებისთვის პასუხი აგოს.

„ჩვენ გვსურს, ვიცოდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რა ქმედებები ხორციელდება იმისთვის, რომ შეფერდმა პასუხი აგოს. ასევე გვსურს, რომ ეს ოპერაცია სრულად იყოს უზრუნველყოფილი საჭირო რესურსებით, რათა ის იპოვონ და დააპატიმრონ“, – განაცხადა შარლოტა ბრაუნის მამამ BBC-სთან საუბრისას.