ბაზრობების შემოწმების შემდეგ რამდენიმე ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა
ბაზრობების შემოწმების შემდეგ რამდენიმე ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, გარდა რეკომენდაციების შემუშავებისა, ახორციელებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, შემოწმება დამოკიდებულია რისკფაქტორებზე, თუ რომელ კონკრეტულ სექტორში არის მომეტებული რისკი ვირუსის გავრცელებისა.

„ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ ზედამხედველობას სხვადასხვა მიმართულებით. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ბაზრებისა და ბაზრობების შემოწმება. თბილისის მასშტაბით, გასულ კვირას შემოწმდა ფაქტობრივად ყველა ბაზარი. ეს ბაზრებია ლილო, ელიავა, დეზერტირები, ნავთლუღი, დიდუბე, გლდანი, ვარკეთილი და დიღომში არსებული ბაზრობები. ფაქტობრივად, ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ ერთობლივი ინტეგრირებული ჯგუფებით. ეს ჯგუფები არის შრომის ინსპექციასთან ერთად სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საზედამხედველო სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია. ჩვენ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებით მივაწოდეთ ფაქტობრივად ყველა მათგანს ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, თუმცა მიუხედავად სამდღიანი მუშაობისა, კვლავ გარკვეულ ბიზნესსუბიექტებთან ფიქსირდება ხარვეზები და ეს დარღვევები იქნა გამოვლენილი. ჩვენ იძულებული გავხდით გამოგვეყენებინა სანქცირების მექანიზმი, მათ შორის ლილოს ტერიტორიაზე დაჯარიმდა 12 ბიზნესსუბიექტი. დეზერტირებზე ერთი, ნავთლუღში – ორი, დიდუბეში სამი. ვარკეთილში სამი ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებს, რომელთაგან დაჯარიმდა ერთი. დღეის იქით, ჩვენ დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირებას. ჩვენ ერთობლივი ჯგუფებით ისევ დავიწყებთ ცნობიერების ამაღლებას. ვაწვდით ინფორმაციას, რა წესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს წესები არის საბაზისო და ფუნდამენტური. შესასრულებლად არის სავალდებულო“, – განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ინსპექტირება რეგიონში მდებარე ბაზრებსა და ბაზრობებზე.

„აქტიურად ხორციელდება ასეთი ტიპის მიდგომები ქუთაისსა და ბათუმში. მომდევნო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, აბსოლუტურად ყველგან განხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. ჯამში დაახლოებით 20 ათასზე მეტი ადამიანის მიმართ განხორციელდა სკრინინგი და დინამიკა რეკომენდაციების შესრულებისა, საკმაოდ დადებითია. გარდა ამისა, ვაგრძელებთ ეკონომიკის გახსნის პროცესს აუზებისა და ფიტნესის მიმართულებით. რეგისტრირებულია 118 აუზი, საიდანაც 106 შემოწმდა და თანხმობა გაიცა 66-ის მიმართ. შემოწმდა 263 ფიტნეს დარბაზი, მათგან 144-ის მიმართ გაიცა თანხმობა. რაც შეეხება სასტუმროებს, თანხმობა გაიცა 1322-ის მიმართ“, – განაცხადა ფერაძემ.