ბავშვობაში გლანდების ამოჭრას შეიძლება დრამატული გავლენა ჰქონდეს ადამიანის ცხოვრებაზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მხოლოდ აშშ-ში, ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ბავშვს ქირურგიულად აჭრიან ნუშისებრ ჯირკვლებს (გლანდები), რათა გაუმჯობესდეს ძილში სუნთქვა და/ან შემცირდეს განმეორებითი ინფექცია.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ეს შედარებით გავრცელებული პროცედურა შეიძლება ზრდიდეს რისკს იმისა, რომ მოგვიანებით, ცხოვრების განმავლობაში, პაციენტს განუვითარდეს შფოთვასთან დაკავშირებული აშლილობა.
ჩინეთის გუანსის უნივერსიტეტისა და შვედეთის სამეფო ინსტიტუტის მეცნიერებმა შეისწავლეს შვედეთის ჯანდაცვის ბაზაში არსებული მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები და დაადგინეს, რომ ტონზილექტომია (ე. წ. გლანდების ოპერაცია) დაკავშირებული იყო პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD), დეპრესიის ან შფოთვის რისკის 43 პროცენტით ზრდასთან.
ვინაიდან კვლევა დაკვირვებითი იყო, არ შეუძლია ასეთი შედეგის მიზეზის განსაზღვრა, თუმცა, გაზრდილი რისკი იმ შემთხვევაშიც იყო წარმოდგენილი, როცა მხედველობაში იღებდნენ პაციენტის სქესს, გლანდების ამოჭრის ასაკს, სტრესთან დაკავშირებულ აშლილობათა ოჯახურ ისტორიას და მშობლების განათლების დონეს (სოციოეკონომიკური სტატუსის ინდიკატორი).
„ეს აღმოჩენა მიუთითებს, ადენოტონზილარული დაავადების ან მასთან დაკავშირებული მდგომარეობის განვითარების პოტენციურ როლზე სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებში“, — წერენ მკვლევრები.
გამოვლენილი მდგომარეობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD), წარმოადგენდა ყველაზე დიდი რისკის ზრდას. დაახლოებით 55-პროცენტიანი ზრდა ფიქსირდებოდა ადამიანებში, რომლებსაც გლანდები ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ჰქონდათ ამოჭრილი (მათთან შედარებით, ვისაც ეს ოპერაცია გაკეთებული არ ჰქონდა).
გარკვეული გენეტიკური და გარემოებითი ფაქტორების გასაკონტროლებლად, ჯგუფმა ზოგიერთ ოჯახში დედმამიშვილებიც შეადარა. ამ ნიმუშშიც კი დაფიქსირდა შფოთვითი აშლილობების 34 პროცენტით უფრო მაღალი რისკი იმ ოჯახებში, რომელთა წევრებსაც გლანდები ამოჭრილი ჰქონდათ.
„როგორც დავადგინეთ, მიუხედავად იმისა, რომ რისკის ზრდა ყველაზე მეტად შეინიშნებოდა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პირველ წელში, სტრესთან დაკავშირებულ აშლილობათა მომატებული რისკი ოპერაციიდან 20 წლის შემდეგაც კი რჩებოდა“, — წერენ მკვლევრები.
ვინაიდან კვლევა ეროვნული მასშტაბის და დიდი ზომის იყო, შედეგები გვთავაზობს სარწმუნო მტკიცებულებას იმისა, რომ არსებობს გარკვეული კავშირი ქირურგიულ ოპერაციასა და მენტალური ჯანმრთელობის შესუსტებას შორის. თუმცა, რა დგას ამ კავშირის მიღმა?
მიუხედავად იმისა, რომ ტონზილების (ნუშისებრი ჯირკვლები, გლანდები) გარეშე ცხოვრება შეგვიძლია, ისინი გვეხმარებიან ინფექციებთან ბრძოლაში და შესაბამისად, მათ გარეშე ჩვენი ორგანიზმი უფრო მოწყვლადია. ასევე შესაძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ტონზილექტომიის მიზეზი, მაგალითად, მუდმივი ანთება — მოგვიანებით ასევე გახდეს შფოთვების მიზეზი.
წინა კვლევებში, გლანდების ამოჭრა დაკავშირებული აღმოჩნდა ჯანმრთელობის სხვა პრობლემების ზრდასთან, მათ შორის, ავტოიმუნურ დაავადებებთან და კიბოსთან — ახლა კი გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი მოსაზრება.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მხოლოდ სამედიცინო რეესტრში არსებული მონაცემებით შემოიფარგლება, მკვლევრებს არ გაუთვალისწინებიათ ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებული კლინიკური მახასიათებლები, რამაც შეიძლება გადამწყვეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს კავშირის შესახებ. ჯგუფი ასევე აცნობიერებს გამოწვევებს, რომლებიც არსებობს გარკვეულ სტრესულ აშლილობათა ჩანაწერების დადასტურებასა და განზოგადებას ახლავს თან. ეს კი ტოვებს სივრცეს სამომავლო კვლევებისთვის.
კვლევა JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.