ბავშვებში, რომლებიც შაქრის მკაცრი შეზღუდვის პირობებში გაიზარდნენ, შედეგები ჯანმრთელობაზე ათწლეულების შემდეგაც დრამატულად განსხვავებულია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

17:10, 24.08.2026

1940 წლის იანვარი იდგა და გაერთიანებულ სამეფოს სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

გერმანელთა თავდასხმები საიმპორტო გემებზე სურსათის უკიდურეს დეფიციტს იწვევდა, რაც მთელ ქვეყანას შიმშილობით დანებებას უქადდა.

ღამით მოქმედებდა საკვების მკაცრი ნორმირებული გაცემის სისტემა, რომელიც ხალხს უზღუდავდა გარკვეული საკვების შეძენას, მათ შორის ისეთი გავრცელებული პროდუქტის, როგორიცაა შაქარი.

კვლევები მიუთითებს, რომ ათწლეულების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს შაქრის მიღების ამ იძულებით შემცირებამ მკვეთრად გააუმჯობესა ომის დროინდელი ჩვილების მთელი თაობის ჯანმრთელობა.

ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერებმა შეისწავლეს ჯანდაცვის მონაცემები 64 761 ადამიანისა, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში 1951-1956 წლებს შორის დაიბადნენ; მათ შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის ბიობანკის კვლევიდან აიღეს.

შაქრის ნორმირებული გაცემის სისტემა მოულოდნელად შეწყდა 1953 წელს, რის შემდეგაც საშუალო მოხმარება სწრაფად გაორმაგდა.

გამყოფი ხაზის გასწვრივ, 1951–1956 წლების პერიოდზე ფოკუსირებით, მკვლევრებმა შეძლეს ერთმანეთისთვის შეედარებინათ უკვე ზრდასრული იმ ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებმაც პირველი 1000 დღე (ჩასახვიდან ორ წლამდე ასაკში) შაქრის ნორმირებული გაცემის სისტემაში გაატარეს და რომლებიც პირდაპირ ამის შემდეგ დაიბადნენ და შაქრის შეზღუდვები არ განუცდიათ.

ერთმანეთს ასევე შეადარეს შედარებითი ზემოქმედება ჩვილებზე, რომლებმაც უფრო დიდი დრო გაატარეს შეზღუდვის პერიოდში და ჩვილების, რომლებიც ცოტა მოგვიანებით დაიბადნენ, მაგრამ ჯერ კიდევ შეზღუდვების მოხსნამდე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მკვლევრებმა ამ ისტორიულ მოვლენას და მის მიერ მოწოდებულ უნიკალურ სამეცნიერო მონაცემებს მიმართეს.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ შაქრის შეზღუდვის პირობებში დაბადებულ ჩვილებს დაბალი ჰქონდათ ქრონიკული დაავადებების რისკები, ალცჰაიმერის განვითარების შანსი და ჰქონდათ უკეთესი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა.

და რაც შეეხება კიბოს რისკს?

ამ კითხვას პასუხი გასცა ახალმა კვლევამ, რომელიც ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომისტმა ჩენ ჟუმ და კემბრიჯის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომისტმა ვეილონგ ჟანგმა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ კიბოს შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული მათში, ვისაც ცხოვრების დასაწყისში მნიშვნელოვნად ჰქონდათ შეზღუდული შაქრის მიღება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვილებს და მათ მშობლებს არ უწევდათ თანამედროვე რეკლამებთან და სუპერმარკეტების გადატვირთულ თაროებთან გამკლავება, რომლებიც მათ სულ უფრო და უფრო ტკბილი საკვებით იზიდავს, კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ჯანმრთელობაზე შაქრის გავლენის შესახებ.

იმ ჩვილებთან შედარებით, რომლებსაც შაქრის შეზღუდვა არ განუცდიათ, ჩვილებს, რომლებმაც ცხოვრების პირველი 1000 დღე შაქრის შეზღუდვის პირობებში გაატარეს, ზრდასრულობაში 69 პროცენტით დაბალი ჰქონდათ ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. ასევე გამოიკვეთა პროსტატის კიბოს შემთხვევათა შემცირება (52 პროცენტით დაბალი), ფილტვის კიბოს (41 პროცენტით დაბალი), სწორი ნაწლავის კიბოს (40 პროცენტი) და ძუძუს კიბოს (36 პროცენტი) შემთხვევათა შემცირება.

მკვლევართა განცხადებით, შაქრის შეზღუდვისას დაბადებულ ჩვილთა ტელომერების სიგრძე ბიოლოგიურ ასაკზე დაახლოებით 2,2 წლით ნაკლები იყო, რაც მიუთითებს, რომ ისინი ცხოვრების განმავლობაში უფრო ნელა ბერდებიან და აქვთ ზოგადი ჯანმრთელობის უკეთესი მდგომარეობა, ვიდრე მათ, ვისაც შაქრის შეზღუდვა არ განუცდია.

კიდევ ერთი საინტერესო მიგნება ის იყო, რომ შაქარშეზღუდულ ჩვილებს ჰქონდათ მუდმივი კვების ჩვევები, რომლებიც ზრდასრულ ასაკშიც გაგრძელდა — მათ იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებსაც შაქრის შეზღუდვა არ შეხებიათ.

„შეზღუდული კოჰორტა ნაკლებ შაქარს მოიხმარდა, ჭამდა ნაკლები ოდენობის საკვებს და შაქრის შეზღუდვის რეჟიმის დასრულებიდან 50 წლის შემდეგაც კი ინარჩუნებდა ჯანსაღ, უფრო მრავალფეროვან რაციონს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არ ვიცით, თუ რატომაა ასე, მკვლევრებს აქვთ გარკვეული მოსაზრებები.

„შაქრის ის დონე, რომლის ზემოქმედებასაც ადამიანები ცხოვრების ძალიან ადრეულ ეტაპზე განიცდიან, შეიძლება დიდხანს ზემოქმედებდეს მათი გემოს პრეფერენციებზე“, — განმარტავს ჟანგი.

მისი განცხადებით, როგორც ჩანს, აქ ორი მექანიზმი მოქმედებს.

„ერთი ბიოლოგიურია — ადრეულმა კვებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მეტაბოლიზმის, ორგანოებისა და იმუნური სისტემის განვითარებაზე. მეორე ქცევითია — როგორც ჩანს, დიდხანს რჩება ადრე ჩამოყალიბებული ნაკლებად სიტკბოს გემო“, — აღნიშნავს ჟანგი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ დაკვირვებითი კვლევა იყო, მკვლევრები ამბობენ, რომ შაქრის შეზღუდვის ექსპერიმენტის მსგავსი პირობები (რომელიც მონაწილეებს ორ ცალკეულ ჯგუფად ყოფს) წარმოადგენდეს ერთგვარ „მიზეზობრივ მტკიცებულებას“, რომელიც შაქრის მიღებას ზრდასრულ ასაკში კიბოს რისკთან აკავშირებს.

ეს შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ თავად დასკვნები ძალიან ნათელია.

ომის პერიოდში, ბავშვების თაობა იძულებული იყო შაქრის ყოველდღიური მიღება იმ დონემდე შეეზღუდა, რომელსაც დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი