ბავშვები შიმშილის ზღვარზე - რა მოსალოდნელ კატასტროფაზე მიუთითებს გაერო
ბავშვები შიმშილის ზღვარზე - რა მოსალოდნელ კატასტროფაზე მიუთითებს გაერო

„1945 წლის შემდეგ, მსოფლიო ასეთი დიდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არ დამდგარა“, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომების მიღება აუცილებელია.

სტივენ ო ბრაიანის თქმით, იემენში, სომალიში, სამხრეთ სუდანსა და ნიგერიაში 20-ზე მეტი მილიონი ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშეა.

BBC-ის ინფორმაციით, „იუნისეფმა“ უკვე გააფრთხილა მსოფლიო მთავრობები, რომ წელს, შესაძლოა, შიმშილით 1.4 მილიონი ბავშვი დაიღუპოს.

ო ბრაიანის თქმით, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ივლისისთვის 4.4 მილიარდი დოლარია საჭირო.

„ისტორიული მომენტია, ვინაიდან ძალიან კრიტიკულ ზღვარზე ვართ. წლის დასაწყისში უკვე დავდექით უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე. ასეთი ვითარება გაეროს შექმნის შემდეგ არ ყოფილა. კოლექტიური ჩართულობისა და გლობალური ძალისხმევის გარეშე, ადამიანები შიმშილით დაიხოცებიან. უფრო მეტი ადამიანი კი სხვადსხვა დაავადებით დაიტანჯება“, – განაცხადა ო ბრაიანმა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

იემენი

ფოტოზე ხუთი წლის მოჰანად ალია. სურათი გადაღებულია დეკემბერში, იემენის საავადმყოფოში. მისი ორი წლის ბიძაშვილი შიმშილით დაიღუპა.

როგორც BBC წერს, იემენში ხუთ წლამდე ასაკის ნახევარი მილიონი ბავშვი კვების უკმარისობით იტანჯება.

სამხრეთ სუდანი

გაეროს სააგენტოების მონაცემებით, სამხრეთ სუდანში შიმშილის საფრთხის წინაშე 100 ათასი ადამიანი დგას, მაშინ როდესაც მილიონზე მეტი შიმშილობის ზღვარზეა.

საერთო ჯამში, გაეროს ინფორმაციით, სამხრეთ სუდანში მაცხოვრებლების 4.9 მილიონს – 40%-ს, დაუყოვნებლივ სჭირდება საკვები პროდუქტების მიწოდება.

ნიგერია

გაერო ნიგერიაში არსებულ ვითარებას უწოდებს კატასტროფას და „ კონტინენტის უდიდეს კრიზისს“. საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შიმშილობა უფრო მეტ ადამიანს კლავს აღნიშნულ რეგიონში, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო-ჰარამი“.

გაეროს მონაცემებით, ნიგერიაში, დეკემბრის თვის სტატისტიკით, შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე 75 ათასი ბავშვი იდგა ხოლო 7.1 მილიონ ადამიანს საარსებოდ აუცილებელი საკვების შესაბამისი რაოდენობა არ ჰქონდა.

სომალი

მარტის დასაწყისში გაეროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ რეგიონში, ყოველ 48 საათში 110 ადამიანი იღუპებოდა შიმშილით. გარდა ამისა, სომალიში წყლის მნიშვნელოვანი კრიზისია და ბავშვების ნაწილი დეჰიდრატაციით იღუპება.

BBC-ის ცნობით, იმ პერიოდში ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების წარმომადგენლები შიშობდნენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 6.2 მილიონ ადამიანს ამ რეგიონში დაუყოვნებლივ ესაჭიროება დახმარება.

BBC გაეროს მონაცემებთან ერთად, აქვეყნებს მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ იტანჯებიან და რა მდგომარეობაში არიან ისინი შიმშილის გამო. მედიასაშუალებამ ამ ფოტომასალის გამოქვეყნების გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ სხვა დანარჩენ სახელმწიფოებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა და მთავრობებმა კარგად გააანალიზონ, რომ იემენის, სომალის, სამხრეთ სუდანისა და ნიგერიის მაცხოვრებლები რეალური კატასტროფის წინაშე დგანან.

წყარო: BBC