ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზვერვო სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქმიანობის მეთვალყურეობა შეუძლია
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზვერვო სამსახურს პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქმიანობის მეთვალყურეობა შეუძლია

ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურს შეუძლია პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის” საქმიანობის მეთვალყურეობა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

პარტიამ თვალთვალის აკრძალვა მოითხოვა, თუმცა პროცესი ქვედა ინსტანციაში წააგო. სასამართლოს განმარტებით, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის” მიერ წამოჭრილი სამართლებრივი საკითხები უკვე განხილული და შეფასებული იყო წინა სასამართლო გადაწყვეტილებებში, რის გამოც პარტიის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ გასული წლის მაისში გერმანიის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი ხარვეზის გარეშე შეაფასა როგორც პარტიის საწინააღმდეგო, ისე მის სასარგებლოდ არსებული არგუმენტები და გაითვალისწინა ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება.

სასამართლოს დასკვნით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გარკვეული განცხადებები, მათ შორის, მიგრაციის შესახებ მოსაზრებები, წარმოშობის ან მუსლიმური სარწმუნოების გამო ადამიანების დისკრედიტაცია, ხელისუფლების დამხობის განცხადებები სცდებოდა კონსტიტუციური სისტემის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლებს.

თავად პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება აბსურდულია, ხოლო მისი მეთვალყურეობა სამართლებრივად დაუსაბუთებელი.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასეთი ზომები უკავშირდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში მიღებულ მკაცრ შეზღუდვებს ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ მოძრაობებთან მიმართებით, რაც ნაცისტური რეჟიმის ისტორიული გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა.