ბავარიაში, ადოლფ ჰიტლერის ყოფილ ალპურ რეზიდენციაში ხანძრის გაჩენის გამო პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ბავარიის მხარეში, ადოლფ ჰიტლერის ყოფილ ალპურ რეზიდენციაში, ე.წ. არწივის ბუდეში გაჩენილი ხანძრის გამო პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ხანძარი პარასკევს, 23 ოქტომბერს გაჩნდა და მისი ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. პოლიციის ინფორმაციით, რთული რელიეფი მეხანძრეებს მუშაობაში ხელს უშლის. ადგილზე საგანგებო სამსახურის დაახლოებით 200 თანამშრომელია მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადოლფ ჰიტლერი კელშტაინჰაუსს, რომელიც ქალაქ ბერხტესგადენის მახლობლად მდებარეობს, მთავრობის ერთ-ერთ დროებით რეზიდენციად იყენებდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, 1941 წელს ჰიტლერი სწორედ იქ შეხვდა სამხედრო მეთაურებს საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დასაგეგმად. მედიის ცნობით, ჰიტლერი ამ ტერიტორიას პროპაგანდისტული ფილმების გადასაღებადაც იყენებდა.