ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში
ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში

პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა შაბათ-კვირის შეზღუდვებზე იმ ხუთ ქალაქში, სადაც აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ხუთ ქალაქში მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას, ყველა ამ ქალაქში, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.