ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში განთავსებული სავაჭრო ცენტრის მოიჯარეებმა ცენტრის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს
ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში განთავსებული სავაჭრო ცენტრის მოიჯარეებმა ცენტრის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში განთავსებული სავაჭრო ცენტრის მოიჯარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

დახურული ტიპის ბაზრობის წარმომადგენლები ცენტრის გახსნას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი სავაჭრო ობიექტი ბათუმში ერთადერთია, რომელიც დღეს არ გაიხსნა.

„200-მდე მოიჯარე ვართ, თავი როგორ ვირჩინოთ. სავაჭრო ცენტრები გაიხსნებაო, ყველგან ამას აცხადებენ. საახალწლოდაც უნდა გავხსნილიყავით და არ მოგვცეს მუშაობის საშუალება. ჩვენ უკან ოჯახებია. თუ კი ყველა სავაჭრო ცენტრი იხსნება, ჩვენ რა დავაშავეთ. ყველაფერი ღიაა დღეს, ჩვენ გარდა. ადმინისტრაციამ გვითხრა, 15 თებერვალს გავიხსნებითო. დღეს არც მოვიდა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომ გავიგოთ, რას გვიპირებენ“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ეთერ ბერიძე.

მოიჯარეები დღეს შრომის ინსპექციის წარმომადგენელს შეხვდებიან, რის შემდეგაც გაირკვევა, შეძლებენ თუ არა მუშაობის განახლებას.

შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ბათუმში დღეიდან შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება. კერძოდ, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.