ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში თვითნებურად შეჭრილი ოჯახები გამოასახლეს

06:44, 04.12.2018

სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში თვითნებურად შეჭრილი ოჯახები უკან გამოასახლეს.

შენობა 30-მდე ოჯახმა თვითნებურად გუშინ გვიან ღამით დაიკავა. აღნიშნული პირები ამბობენ, რომ არიან სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები. მათივე თქმით, საცხოვრებელი წლებია, არ აქვთ და ბინის ქირის გადახდას ვერ ახერხებენ, ხელისუფლება კი მათ დახმარებას წლებია, უშედეგოდ ჰპირდება და სწორედ ამიტომ მიიღეს შენობაში შეჭრის გადაწვეტილება.

ეს ოჯახები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში უკვე მესამედ შეიჭრნენ. ერთი თვის წინ ისინი სამართალდამცველებმა გამოასახლეს, ერთი კვირის წინ კი შენობის დაკავების საშუალება არ მისცეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, მოსახლეობის პრობლემები მათთვის ცნობილია, დღეიდან დაიწყებენ ოჯახების ინდივიდუალურ შესწავლას და დახმარებას მიიღებს ყველა, ვინც ამას კანონის შესაბამისად დაექვემდებარება, სახელმწიფო საკუთრებაში შეჭრის უფლებას კი არ მისცემენ.

მსგავსი