ბათუმში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა
ბათუმში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა

ბათუმში უახლესი ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი გაიხსნა. ტექნოპარკის დასრულებული შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დაათვალიერეს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდა. უნივერსიტეტთან ინტეგრირება აკადემიური წრეებისა და სტუდენტების მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის ფუნქციონირებისთვის აჭარის მთვარობის ფინანსური მხარდაჭერით, ბიუჯეტიდან სამ მლნ-მდე ლარი გამოიყო.

აჭარის თავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ახალგაზრდების იდეების განხორციელებისთვის ტექნოპარკის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია.

,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კორპუსის შენობაში ახალგაზრდებისთვის ახალი სივრცე – ტექნოპარკი გაიხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია სტარტაპების განვითარებისთვის. არის ლაბორატორიული რესურსი, თანამედროვე დანადგარები, ახალი ტექნოლოგიები. ეს არის სივრცე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს მათი იდეების რეალიზების საშუალებას. ასევე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს როგორც IT-ის სფეროს, ასევე სხვა გლობალური კომპანიების მხარდასაჭერად, მათ მოსაზიდად რეგიონში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო, საკრუინგო ბიზნესი და ის შეღავათები, რომელიც საქართველოს მთავრობამ დააწესა ახალი ცვლილებებით. იმედი მაქვს, ტექნოპარკთან სინერგიაში მიღწეული იქნება კიდევ მეტად კონკურენტუნარიანი გარემო და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მოვუწოდებ ყველას მაქსიმალური აქტიურობისკენ“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სახელმწიფოს მხარდაჭერით ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“. ტექნოპარკში თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ამასთან, წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) უახლესი დანადგარებით.