ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები აქციას მართავენ
ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან ​კარვები გაშალეს.

მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას და პასუხს ითხოვენ, თუ როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადიცია.

ლავასოღლის თურქეთში დანაშაული არ ჩაუდენია, ის იმყოფება ციხეში სამუდამო პატიმრობამისჯილ ადამიანებთან მძიმე მდგომარეობაში. თურქეთის მხარისგან მოვითხოვთ, გადაიყვანონ საექსტრადიციო პირობებში“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

მინდია ლავასოღლის და ირინა გორაძე ამბობს, რომ გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო.

„მე პასუხი მივიღე, რომ 2018 წელს საქართველომ ექსტრადიციის მოთხოვნა გაგზავნა, მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. გვითხრეს, რომ დაწყებულია მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის. მოვითხოვ, საქართველოს ხელისუფლებამ მოსთხოვოს თურქეთის რესპუბლიკას, ჩემი ძმის გადმოცემა“, – განაცხადა ირინა გორაძემ.

ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან პოლიციაა მობილიზებული. შენობას ისინი კორდონით იცავენ.

მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით 15 პირი ერთ კვირაზე მეტია შიმშილობს, ხოლო პროტესტის ნიშნად ოთხ პირის პირი აქვს ამოკერილი.