ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები აქციას მართავენ
ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქცია მიმდინარეობს. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი თურქეთში უკვე წელიწადზე მეტია პატიმრობაში მყოფი ლავასოღლის გათავისუფლებას ითხოვენ.

ლავასოღლის ადვოკატის განცხადებით, მინდია ლავასოღლის თურქეთში ბრალი წაყენებული არ აქვს, იგი საპყრობილეში გაურკვეველი მიზეზებით რჩება.

„ქართული მხარე ამბობს, რომ არაფერ შუაშია, თურქული მხარე მიზეზებს ვერ გვეუბნება, რატომ არის მინდია ლავასოღლის დაპატიმრებული. ჩვენ გვინდა კონსულისგან მოვითხოვოთ ინფორმაცია, რა არის ფაქტობრივად უკანონო პატიმრობაში ყოფნის მიზეზი“,-განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ

ლავასოღლის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი მძიმე პირობებშია.

„საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის თურქეთის ციხე მძიმეა. რელიგიური ფაქტორებიც განაპირობებს ამას. ჩვენ ვითხოვთ პატიმრის გათავისუფლებას, თუ ქართულ მხარეს აქვს პრეტენზია, საქართველომ მიხედოს საკუთარ მოქალაქეს“, – ამბობს მინდია ლავასოღლის და ირინა ლავასოღლი.

აქციის მონაწილეები კონსულის გამოჩენას ელოდებიან.