ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან დამოუკიდებელი ტუროპერატორები აქციას მართავენ
ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან დამოუკიდებელი ტუროპერატორები აქციას მართავენ

ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან დამოუკიდებელი ტუროპერატორები აქციას მართავენ.

მძღოლებმა, რომლებსაც ერთდღიანი ტურებით ბათუმში ჩამოსული ტურისტები მეზობელ ქვეყანაში გადაჰყავთ, ავტომანქანები თურქეთის გენერალურ საკონსულოსთან პროტესტის ნიშნად გააჩერეს. ისინი აცხადებენ, რომ თურქულმა მხარემ მათ ტურისტების გადაყვანა შეუზღუდა.

„თურქული მხარე საბაჟოზე ხელოვნურად გვჭედავს, რომ ჩვენ მიერ გადაყვანილ ტურისტებს 2-3 საათი ლოდინი მოუხდეთ, როცა ისინი საზღვარს კვეთენ, თურქი ტაქსისტები ხვდებიან და აიძულებენ მათ გაჰყვენ. ამაში მათი პოლიციაც უწყობს ხელს, ჩვენს მანქანებს აჯარიმებენ და საჯარიმოზე მიჰყავთ“, – აცხადებს თემურ შავაძე.

მძღოლი გიორგი ირემაძე აცხადებს, რომ მისი მანქანა თურქეთში უკვე მე-15 დღეა საჯარიმოზეა.

„გვეუბნებიან, რომ ტექნიკურ პასპორტებში შეუსაბამობაა. ათას მიზეზს ეძებენ, რეალურად კი გვაიძულებენ, ტურისტების მომსახურება თურქ ტაქსისტებს გადავაბაროთ“, – აცხადებს მძღოლი.

აქციის მონაწილეებმა თურქეთის გენერალურ საკონსულოს მიმართეს. საკონსულოს ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია.

სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მძღოლები მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი