ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994
წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა დროს ბათუმში მდებარე ორ კლუბში, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ. სულ ბრალდებულებმა რვა ტურისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.