ბათუმში ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ბათუმში ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბათუმის პორტში ახალი მინერალური სასუქების ტერმინალის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა მუშაობს, – ეს განცხადება ეკონომიკის ექსპერტმა დავით კიკვიძემ გააკეთა, რომელიც დღეს ბათუმში ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. ტერმინალის მშენებელმა კომპანია Wondernet Exspress-მა საინფორმაციო შეხვედრაზე მოქალაქეთა ის ჯგუფიც მიიწვია, რომელიც მშენებლობას აპროტესტებს.

„ამ ტერმინალის მშენებლობა პირველ რიგში რუსულ ინტერესებს ურტყამს, რადგან ეს ტვირთები აზიიდან ევროპაში გადაადგილდება რუსეთის გავლით, 2020 წლისთვის 200 მილიონ ტონა ტვირთზეა საუბარი, რომელის ბათუმის ახალ ტერმინალში გაივლის, ეს არ არის პატარა ციფრი, თვითონ რუსეთის ფედერაციისთვისაც საკმაოდ დიდი შემოსავლის მომტანია, თუ ჩვენთან აშენდა ტერმინალი გამოდის, რომ რუსეთს საკმაოდ დიდ ლუკმას წავართმევთ, ამიტომ სრულიად რეალურია რუსული ინტერესები, რომელიც ამ დარბაზშიც გამოვლინდა“, – განაცხადა ექსპერტმა დავით კიკვიძემ.

კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ტერმინალით გადაიზიდება კარბამიდი, რომელიც უსაფრთხოა. მინერალური სასუქი მათ შეხვედრაზეც მიიტანეს, იმის დასტურად, რომ მასთან შეხება საშიში არ არის, თუმცა საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც მშენებლობის წინააღმდეგ 20 იანვარს საპროტესტო აქციას აანონსებენ, საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

„ჩვენ ბათუმს ვსვამთ ნაღმზე, ამ ტერმინალში ჩვენი ინფორმაციით ამონიუმის ნიტრატიც უნდა განთავსდეს, რაც არის ფეთქებადი და მსოფლიოში არის ამის მაგალითები, ეს ტერმინალი არ უნდა აშენდეს“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ალეკო თევზაძემ.

ტერმინალის მშენებლობისთვის ამერიკული კორპორაცია Trammo 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, კორპორაციის პრეზიდენტმა შეთანხმებას ხელი ბათუმში 14 იანვარს მოაწერა.