ბათუმში თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდა
ბათუმში თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდა

ბათუმში თამბაქოს მწარმოებელთა აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა.

მისი განცხადებით, აჭარის მთავრობა კონსულტაციებს მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათები დაწესდეს.

„თქვენთან ჰქონდა უკვე შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, როგორც მაშინ დაგპირდით, კონსულტაციები მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან, რომ მიღებული რეგულაციების ფარგლებში თქვენთვის შეღავათი დაწესდეს და გადასახადი შეგიმსუბუქდეთ. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ მოლაპარაკების შედეგს“, – მიმართა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსმა აქციის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ 21 ნოემბრიდან რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, შემოსავლების სამსახური მათ დააჯარიმებს, მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

აჭარის მთიანი მუნიციპალიტეტების თამბაქოს მწარმოებლებმა დღეს შემოსავლების სამსახურის ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.