ბათუმში, თამარის დასახლებაში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ გატეხა, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
ბათუმში, თამარის დასახლებაში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ გატეხა, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ გატეხა, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა, – ამის შესახებ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ განაცხადა.

„სამუშაოები შეჩერდა და არ გაგრძელდება, ვიდრე არქეოლოგების მოსაზრებას არ მოვისმენთ, ამის შემდეგ გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო სანქციების გატარება. ასეთი შემთხვევებისგან დაზღვეული არ ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში დაუდევრობას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ პეტრიძემ.

რაც შეეხება კომპანიას, რომელიც თამარის დასახლებაში წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, კომპანიის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბაღათურიას განცხადებით, „მუშას ქვევრში განძი ეგონა, ამიტომ დაუყოვნებლივ გატეხა ისე, რომ არც ზედამხედველს აცნობა და არც მერიას“.

თამარის დასახლებაში არქეოლოგები მუშაობენ.

„ეს არის ბარბაროსობა. ჩვენ შევეცდებით, როგორც შესაძლებელია, აღვადგინოთ. ქვევრი შესაძლებელია მე-11 საუკუნისაც იყოს. ასეთ დროს ჩვენი სპეციალისტებისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ სამუშაოებს იწყებდნენ. ადრე ამას კანონიც მოითხოვდა“, – ამბობს პროფესორი ამირან კახიძე.

შემთხვევა გუშინ მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი მუშამ ჯერ ქვით დაამტვრია, შემდეგ კი ექსკავატორით.